ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც 10-მდე ადამიანი აივნიდან გადმოვარდა, შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღეს, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.