საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს შეჭრის მცდელობად აფასებს და "გაუგონარ თავხედობას" უწოდებს. მისი თქმით, მომხდარი შესაძლებელი არის შეედაროს, "მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს" და მსგავსი რამ საქართველოში კომუნისტების დროიდან არ მომხდარა.

"ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქე. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის.

მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასუილიერო პირები და მოხდა შეჭრა აი, ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება, ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ყოველგვარი შეეჭრა უნებართვო, არის შეჭრა", — განაცხადა მან.

დაშავებულ ჟურნალისტებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ ეს ცუდია, მაგრამ ჟურნალისტები აივანზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. თუმცა ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის, რაც მე ვთქვი", — განაცხადა მან.

დღეს, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.