ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს გზავნის.

როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაში წერია, შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

"კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოში მყოფ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად იმუშავებს. ბატონი დანიელსონი მხარეებთან შესახვედრად საქართველში რამდენიმე დღეში გაემგზავრება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დიალოგში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რათა შეთანხმება შედგეს, რაც სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოსთვის პრო-ევროპულ გზაზე წარმატებით სვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: