ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის ინვესტორი თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები ისმის. როგორც პარლამენტში მოხსენების წარდგენისას თქვა, ყველაზე მეტი კითხვა, სწორედ ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ეხება.

"თუ პრობლემა იმაშია, რომ ჰესის ასაშენებლად მიწა გაეცა თურქულ კომპანიას, მე როგორც ვთქვი, ამ დისკუსიაში ვერავის წამოვყვები, რადგან საუბარია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე", — აღნიშნა თურნავამ.

როგორც მინისტრი განმარტავს, ხელშეკრულებით დეტალური პროცედურაა გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა დაასაბუთოს კომპანიამ მიწის გადაცემა და რომ ის პროექტთან კავშირში უნდა იყოს.

"ეს არ არის უპირობო გადაცემა და არის იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები, რომ 28-კილომეტრიანი გზა გადაეცემა შემდეგ უსასყიდლოდ სახელმწიფოს, რომ ქონების გადასახადი იქნება გადახდილი. ამ პერიოდის განმავლობაში 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახდს გადაიხდის კომპანია", — აღნიშნავს მინისტრი.

რაც შეეხება, საინვესტიციო პირობით მიწის გადაცემას, თურნავა ამბობს, რომ მიღებული პრაქტიკაა და ამას შედარებით მცირე ინვესტიციების დროსაც აკეთებენ.

დღეს, 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე ჰესების მშენებლობის შეჩერებისთვის პეტიციას განიხილავენ. პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია.