ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი (EMC) აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს შეზღუდვების დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები.

"იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ მექანიზმის რეპრესიულობას და სათანადოდ შეაფასებს მისი კონსტიტუციურობის საკითხს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ქვეყანაში შეიქმნა დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობა, მისი ოფიციალურად გამოცხადებისა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების გარეშე".

ამავე განცხადებაში EMC აკრიტიკებს საკონსტიტუციო სასამართლოს 11 თებერვლის გადაწყვეტილებას, ამგვარი შეზღუდვების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ ვერ შეასრულა კონსტიტუციის დამცველის როლი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციებს მთავრობისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწფოს, ხელისუფლების დანაწილებისა და ზოგადად, დემოკრატიულ პრინციპებს.

EMC მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებშიც კი, შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს, რადგან, მათი შეფასებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები რეპრესიულია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რთულია დროებითი უწოდო შეზღუდვებს, რომლებიც "უკვე ერთი წელია გრძელდება და არ არ არის მოსალოდნელი მათი უმოკლეს დროში აღმოფხვრა".

"დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანს შესაძლოა დაეკისროს მისი ნების საწინააღმდეგოდ 12-დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შეზღუდვა მიიჩნია არა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების, არამედ მხოლოდ მიმოსვლის თავისუფლების უფლების შეზღუდვად", — ვკითხულობთ EMC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 12-დღიანი სავალდებულო იზოლაცია, ან კარანტინი ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და საჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას.

გაიგეთ მეტი: