პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი ადასტურებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს მართველი გუნდი იქნება "შედეგზე ორიენტირებული მხარე". ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"კიდევ ერთხელ მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ გაგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან. კიდევ ერთხელ მინდა ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ დავადასტურო ეს მზაობა", — თქვა მან.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: