საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონკრეტულ რეფორმებზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იყო, ეს დაპირისპირება, რომ განიმუხტოს, მნიშვნელოვანია პოლიტიკური გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს ჩვენ სამომავლოდ იმისგან, რომ არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და ჩვენმა სისტემამ სწორად იმუშავოს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კონკრეტული, დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, სასამართლოში, პროკურატურაში და მათ შორის, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი პარლამენტში. ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ის კორუფციის გაზრდილი რაოდენობის მიმართულებითო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას", — თქვა მან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: