რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთს წინაპირობებით არ უნდა ესაუბრებოდნენ. ასე შეაფასა მან ქართული ოცნების რიტორიკა, საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის პარლამენტში ოპოზიციის შესვლის აუცილებლობის შესახებ.

"წინაპირობებით ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, ეს არის შეთანხმება. შემოდით პარლამენტში და მერე ასე ვიზამთ — ეს არის წინაპირობებით ლაპარაკი. ხელისუფლებამ, დროა უკვე და მე მგონია, რომ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური კრიზისია ეს, აღიარა. პარლამენტში არავინ არ შედის კონკრეტული შეთანხმების გარეშე", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ეს განცხადება სამნიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა.

შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

გაიგეთ მეტი: