ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიხე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ამბობს, რომ ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ოპოზიცია კი ცარიელი ხელებით არის დარჩენილი.

"პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით", — განაცხადა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: