ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანილსონი ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევა მხარეებზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ის თბილისში ხვალამდე რჩება და შეთანხმების მისაღწევად მხარეებთან მუშაობას გააგრძელებს.

"ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, ხვალაც დავრჩე იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს. ეს პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ამიტომ, ხვალაც გაგრძელდება ეს მუშაობა. დღესაც ვფიქრობდი, რომ გამოვაცხადებდი, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ", — განაცხადა დანიელსონთან პოზიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: