ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ დღეს განაცხადებდა. მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად მუშაობას ხვალაც გააგრძელებს.

"ვიმედოვნებდი, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ დღეს განვაცხადებდი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ასე არ მოხდა. ამისთვის ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას", — განაცხადა დანიელსონმა დღის ბოლოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

დანიელსონმა, ასევე, საქართველოდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, რათა მისი თქმით, მხარეებს პოზიციების დაახლობაში დაეხმაროს და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: