ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სვამს კითხვას, მაშინ როდესაც ქვეყანაში სხვა ვაქცინები შემოვა, რომელთა დაკავშირებითაც, ასევე, შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, საჯარო პირები ისევ საჯაროდ უნდა აიცრან თუ არა.

"საინტერესოა, მაშინ როდესაც ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთა დაკავშირებითაც, ასევე, შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა საჯარო პირმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც. ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა", — განაცხადა ტიკარაძემ დღის კურიერში.

წამყვანის კითხვის საპასუხოდ მან, ასევე, თქვა, რომ ის საჯაროდ აცრაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

დღესვე, იგეგმება იმ ექიმების აცრაც, რომლებიც პანდემიის პერიოდში მედიასთან კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობდნენ. სავარაუდოდ, ამის მიზანი კოლეგებისთვის მაგალითის მიცემაცაა.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.

გაიგეთ მეტი: