მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ შეაჩერონ კოვიდვაქცინაცია. განცხადება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში AstraZeneca ვაქცინის გამოყენების შეჩერებას მოჰყვა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) უსაფრთხოების ექსპერტების შეხვედრა ვაქცინის შესახებ დღეს, 16 მარტს არის დაგეგმილი. დღესვე გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) შეხვედრაც. მათი საბოლოო დასკვნა ვაქცინის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენება არ უნდა შეჩერდეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ AstraZeneca ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ AstraZeneca-ს გამოყენება ორი კვირით შეაჩერეს

AsTraZeneca-ს მიერ გუშინ, 15 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ფაქტები ვაქცინას არ უკავშირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს დაავადებები ვაქცინისგან დამოუკიდებლად ვითარდება მოსახლეობაში და გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან თრომბული დაავადების 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ: AstraZeneca: 17 მილიონი ადამიანის მონაცემზე დაყრდნობით, თრომბოემბოლიის შემთხვევები ვაქცინას არ უკავშირდება

რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები?

მას შემდეგ, რაც აცრილ ადამიანებში თრომბოემბოლიის შემთხვევები გამოვლინდა, ევროპის სახელმწიფოებმა გარკვეული დროით, სიფრთხილის მიზნით ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი შეაჩერებდნენ AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას პოლ ერლიხის ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე.

"ჩვენი გადაწვყეტილების მიზეზი ცერებრალური ვენის თრომბის ახალი შემთხვევები გახდა, რომლებიც AstraZeneca ვაქცინასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლ ერლიხის ინსტიტუტმა შეაფასა სიტუაცია და გასცა რეკომენდაცია ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით იქამდე, სანამ დამატებითი ანალიზების პასუხები არ გახდება ცნობილი" — განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა. მან დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება "არ არის პოლიტიკური".

ცოტა ხანში საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას საფრანგეთიც შეწყვეტდა იქამდე, სანამ EMA-სგან არ მიიღებდნენ ახალ რეკომენდაციებს. იგივე მოხდა იტალიაშიც. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, კაროლინა დარიასის განცხადებით ქვეყანაში ვაქცინის გამოყენება მინიმუმ ორი კვირით იქნება შეჩერებული.

ეს მოვლენები კი თითქმის ერთი დღის მანძილზე განვითარდა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა გააკეთა განცხადება 29 მარტამდე ვაქცინის გამოყენების შეჩერების შესახებ.

ირლანდიის რესპუბლიკამ, პორტუგალიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, ისლანდიამ და სლოვენიამ ასევე შეაჩერეს ვაქცინაცია, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ინდონეზიამ კი ვაქცინაციის დაწყება გარკვეული პერიოდით გადადეს.

ამავდროულად, ბელგიამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებდნენ AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა, ფრენკ ვანდებრუკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რიცხვი ძალიან მაღალია, ამიტომ მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ახლა შეაჩერონ ვაქცინაცია.

რას ამბობენ WHO და სხვა ორგანიზაციები/ექსპერტები?

WHO-ს წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ ისინი ამჟამად იკვლევენ აცრილ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევებს.

"როგორც კი WHO მოიპოვებს სრულ ინფორმაციას ამ მოვლენების შესახებ და დაადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მათ საფუძველზე თუ მაინც გახდება საჭირო ცვლილებების შეტანა ახლანდელ რეკომენდაციებში, მას დაუყოვნებლივ გავაცნობთ საზოგადოებას", — ამბობს იგი.

"დღეისთვის, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შემთხვევები ვაქცინის გამოყენებას უკავშირდება და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა შევძლოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა COVID ვირუსისგან".

EMA-მ, რომელიც ასევე ატარებს ამჟამად გამოკვლევებს თრომბის ინციდენტების შესახებ, განაცხადა, რომ ვაქცინის გამოყენება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს.

გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო მარეგულირებელმა ორგანიზაციებმაც განაცხადეს, რომ აღნიშნული შემთხვევები არსებული ინფორმაციით ვაქცინას არ უკავშირდება და ისინი აგრძელებენ ვაქცინის გამოყენებას ქვეყანაში.

ასევე იხილეთ: როგორ მტკიცდება, რომ კორონავირუსის ვაქცინები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის