ნაციონალური მოძრაობის პოლიიტკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ქართულმა ოცნებამ შემხვედრი, კომპრომისული წინადადებები არ წარადგინა, შეთანხმება არ იქნება.

"იმისათვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები.

თუ ამ საკითხებზე არ იქნება შემხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისაგან, თუ ჩვენს მოთხოვნებზე და პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი ქართული ოცნების მხრიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება წავიდა ევროპის წინააღმდეგ და ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება არ შედგება", — განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ეს განცხადება მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე გააკეთა.

ამ წუთებში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ლიდერები ერთად ხვდებიან შვედ დიპლომატს, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი დავალებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ჩამოვიდა.

მეექვსე დღეა დანიელსონი ინდივიდუალურად ხვდება როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იგი, ასევე, ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.

15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

თითქმის ორდღიანი შესვენების შემდეგ, დანიელსონმა პარტიებთან შეხვედრები განაახლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წუთებში დღეს იგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთად ხვდება.

გაიგეთ მეტი: