ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა, რომელსაც ქართული ოცნებაც ესწრებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა შეხვედრას ტოვებს, რადგან პირველ საკითხად რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ განიხილება.

"მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას, კონსულტაციებისა და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკველით და არა სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმებისა და სხვა საკითხების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად", — აცხადებს ნათელაშვილი.

ნათელაშვილის თქმითვე, დოკუმენტი, რომელის მოლაპარაკებების დროს მუშავდებოდა, იწყებოდა იმით, რომ ოპოზიცია შედიოდა პარლამენტში და 2024 წლის არჩევნებს დაელოდებოდა.

შეხვედრის დატოვების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და მის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. ამასთან, მან ევროკომისარი ჯოზეფ ბორელის განცხადებას მიუღებელი უწოდა.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა მართავს შეხვედრებს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. იგი, ასევე, შეხვდა პრეზიდენტ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.

15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

თითქმის ორდღიანი შეჩერების შემდეგ, დანიელსონმა პარტიებთან შეხვედრები განაახლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს იგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთად ხვდება.

გაიგეთ მეტი: