აშშ-ს რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი, კონსულტაციები გაიმართება იმისთვის, რომ გაიგონ "რა გააკეთონ და როგორ იმოძრაონ აშშ-სთან ურთიერთობის კონტექტსში".

"ახალი ამერიკული ადმინისტრაცია ხელისუფლებაში უკვე ორი თვეა, ახლოსაა სიმბოლური 100 დღეც, და ეს კარგი მოტივია შეფასდეს, რა გამოსდის ჯო ბაიდენის გუნდს და რა — არა. ჩვენთვის კი მთავარია, გაირკვეს, რა გზები არსებობს რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორებისთვის, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია", — აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

ელჩის გაწვევა დროში ემთხვევა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს, სადაც მან დადებითად უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელად. გარდა ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი "გადაიხდის" ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის.