გუშინ, 18 მარტს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილს, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ სპეციალურად ვაქცინაციისთვის შექმნილ პორტალ booking.moh.gov.ge-ზე, ჯავშანი გაუუქმდათ. მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიუვიდათ შეტყობინება, რომ ვაქცინის გასაკეთებლად ვიზიტი თავიდან უნდა დაჯავშნონ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი იმ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის შემცირებაა, სადაც ვაქცინაციაა შესაძლებელი. კერძოდ, თუ აქამდე ვაქცინაცია ხდებოდა ამბულატორიებშიც, 19 მარტიდან ეს პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც სპეციალურ პორტალზე ამბულატორიებში იყვნენ რეგისტრირებულნი, მოუწევთ ვაქცინის გასაკეთებლად ვიზიტი მრავალპროფილურ კლინიკებში ხელახლა დაჯავშნონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ცვლილების მიზეზი 18 მარტს, ახალციხეში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ ექთნის, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გახდა.

"გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მაგრამ, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვის პორტალზე 40 კლინიკაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც აქვთ რეანიმაციული განყოფილებები. შესაბამისად, ამ კლინიკებში შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე, მაგალითად, ამბულატორიებში.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ექსპერტების რეკომენდაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მიიღეს. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად პორტალზე 82 სამედიცინო დაწესებულება იყო ხელმისაწვდომი.

"რომ შედიხარ პორტალზე, ისიც გიჩვენებს, რომელი დაწესებულებები ატარებენ დღეს ვაქცინაციას. თავიდან უნდა გაიაროთ რეგისტრაცია იმ დაწესებულებაში, რომელიც დღეს ამცრელად არის ფიქსირებული", — განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, პორტალზე ჯამში 5 185 ადამიანი დარეგისტრირდა.

დღეს გარდაიცვალა 27 წლის ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მას 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

ქალის გადასარჩენად შეკრებილ კონსილიუმში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე, თამარ გაბუნია, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი და სხვა ექიმები მონაწილეობდნენ. ტიკარაძე ქალის მდგომარეობას აფასებდა, როგორც უკიდურესად მძიმეს, თუმცა, არა უიმედოს. რატიანი გუშინ, მედიასთან განმარტავდა, რომ ქალს ჩატარებული ჰქონდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა და მიმდინარეობდა დამატებითი კვლევებიც. "მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად", — ამბობდა რატიანი. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და აქამდე ეს კორონავირუსთან არ ყოფილა დაკავშირებული. მისი თქმით, დაფიქსირებულია ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტებიც.

"ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს გარდაცვალება წლევანდელი დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას", — ამბობს გაბუნია.

დღეს, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა მწვავე ალერგიული რეაქციის კიდევ ერთ შემთხვევაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი და ამ საკითხს ვაქცინაციაზე გვერდითი მოვლენები კომიტეტი სწავლობს. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

იგივეს ამბობს ექიმი, ზურაბ გურული. მისი თქმით, ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი.

გაიგეთ მეტი: