ბოლო დღეებში ფარული მიყურადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყეს.

როგორც უწყებაში On.ge-ს ინფორმაცია მიაწოდეს, გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

20 მარტს TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიამ გაავრცელა საბანაძის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფოტო, რომელიც მათი მტკიცებით ფარული სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. კახაბერ საბანაძემ თანამდებობა 23 მარტს დატოვა და მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც სიმართლეს დაადგენს.

ამასთან, 21 მარტს მთავარ არხთან ინტერვიუში სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა.