საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის თქმით, თუ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, იგი იქნება ისეთივე კონკურენტი ქართული ოცნებისთვის, როგორც სხვა ნებისმიერი ოპოზიციური პარტია. ასე უპასუხა მან პალიტრანიუსის ჟურნალისტის კითხვას მოსაზრებაზე, რომ გახარია შესაძლოა იყოს "ივანიშვილის პროექტი" და ხელოვნური ოპოზიცია.

"ჩვენ თუ წავალთ კონსპირაციის თეორიებში, ბევრი თქმულება შეიძლება მოვიგონოთ. ამას დაგვანახებს ჩვენ მომავალი. მე პირდაპირ გეტყვით, თუ ბატონი გახარია შემოვა პოლიტიკურ ველზე და როგორც ჩანს, ის ამას აპირებს, ის იქნება იგივენაირი კონკურენტი ქართული ოცნებისთვის, როგორიც ნებისმიერ სხვა ოპოზიციური პარტია", — განაცხადა ამილახვარმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა "ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ პარტიაში" ნაციონალური მოძრაობაც, ამილახვარმა უპასუხა — "მათ შორის".

ამილახვარის თქმით, ქართულ ოცნებაში მოლოდინი და საუბარი იმაზე, რომ წევრთა ნაწილმა შეიძლება დატოვოს გუნდი და შეუერთდეს გახარიას, არ არის.

22 მარტს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ.

გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაბის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.