დღეს, 24 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო, ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და ჭყონდიდელი მღვდელი, მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მყოფი სასულიერო პირები დაპირისპირების მიზეზად მეუფე სტეფანეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.

აღნიშნულ მდგომარეობაზე პეტრე ცაავამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან უარყო მეუფე სტეფანეს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ დნმ-ის ტესტის გასაკეთებლადაც არის მზად.

"მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ და ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მე მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონ დაისაჯოს, რითაც დაადანაშაულა მეუფე პეტრე. [...] მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს", — განაცხადა მეუფე პეტრემ.

ბალდის მონასტრის მღვდელმთავარმა, მამა ათინოგენმა განაცხადა, რომ მას სურდა, მეუფე სტეფანეთვის "თავისი გულისტკივილი გაეზიარებინა", იმის გამო, რომ მან საპატრიარქოს ტელევიზიაში "სიცრუე ილაპარაკა".

"ვაპირებდი დახვედრას და თქმას იმისას, რომ ჩვენ გულისტკივილი გვქონდა მის ტყუილებთან, სიცრუესთან, რამეთი საპატრიარქოს ტელევიზიის ინტერვიუში ის ამბობდა, რომ მე არ ვიცოდიო, რომ ადამიანიები აივნიდან გადაცვივდნენო. არადა მე ვიყავი პირადად მისული და ვუთხარი, მეუფე, ხალხი გადაცვივდა აივნიდან და იხოცებიანთქო და არ მომაქცია ყურადღება და სამჯერ გამიმეორა და სამჯერ გამიმეორა დღეს, გამწარებული იყო ამ ჩემს ნათქვამზე, გასწორდა და გალობა დაიწყო-თქო. ნამეტანი არ მოწონებია. [...] მე მოვთხოვე მას, რომ დაამტკიცოს, რაც თქვა. შემდეგ ასე მითხრა: მტყუანსო?", — ამბობს მამა ათინოგენი მეუფე სტეფანეზე.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სინოდმა ის მეუფედ განამწესა. პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ. 8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა, რა დროსაც მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რის შედეგადაც ჩაინგრა მეორე სართულის აივნის მოაჯირი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა". თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად "გალობა" დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.