ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად.

"როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის", — განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირეს, რომელიც ქართული ოცნებისა და მოქალაქეების მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა მის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი 113 დეპუტატი არაა. ბოიკოტის გამო საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ქართული ოცნების, მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების 96 დეპუტატია ჩართული.