კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიას პოლიტიკური გააქტიურება არაა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის "პროექტი". როგორც მან რადიო იმედის ეთერში თქვა, თუ გახარია გააქტიურდება, ის რეალური ოპოზიცია იქნება.

"იმედია, იცის რას აკეთებს. ის მაღალპროფესიონალი ადამიანია. თუ ის გამოვა მართლაც და როგორც ჩანს, გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, იმიტომ, რომ გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი, იუსტიციის მინისტრი, მან ძალიან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე, ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე, მისი სისუსტე. ამიტომ ეს იქნება ჩემთვის, ჩემთვის პირადად საინტერესო ოპონირების პროცესი. რამდენად ეს მისი გამარჯვებით დასრულდება, ამაში ეჭვი მეპარება", — აცხადებს წულუკიანი.

მინისტრი ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის დასანანი იყო.