Pfizer-მა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აბების პრეკლინიკურმა კვლევამ აჩვენა "პოტენტური ანტივირუსული აქტივობა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, ისევე, როგორც კორონავირუსის სხვა სახეების წინააღმდეგ". ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ, კომპანიამ შეიძლება კორონავირუსთან საბრძოლველად მედიკამენტი შემოგვთავაზოს, რომელსაც აბების სახით მივიღებთ.

თუ ვაქცინა COVID-19-ის პრევენციის გზაა, აბების სახით მისაღები მედიკამენტი მკურნალობის საშუალება შეიძლება იყოს, რომელსაც სახლის პირობებში, მაშინ მივიღებთ, თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდება.

Pfizer ასევე სწავლობს ინტრავენული ანტივირუსული თერაპიის გზებს, რომლებიც შეიძლება COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოიყენონ. თუმცა, ამჯერად, ფარმაცევტული გიგანტი აბების სახით არსებული ანტივირუსული მედიკამენტის შექმნისკენ დგამს ნაბიჯებს. კომპანია ექსპერიმენტული მედიკამენტის, სახელად PF-07321332 გამოცდას აგრძელებს.

"COVID-19-ის დაძლევა მოითხოვს როგორც პრევენციას ვაქცინის სახით, ასევე მიზანმიმართულ მკურნალობას მათთვის, ვისაც ვირუსი უკვე აქვს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება SARS-CoV-2-ის მუტაცია და როგორ მოქმედებს COVID-19 მსოფლიოზე, როგორც ჩანს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თერაპიულ ვარიანტებზე გვქონდეს წვდომა როგორც ახლა, ისე პანდემიის შემდეგაც”, — ამბობს მიქაელ დოლსტენი, Pfizer-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოლსტენის თქმით, ამ ტიპის მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება დაენიშნოს პაციენტს, რომელსაც ინფექციის პირველი ნიშნები გამოუვლინდება. ამისთვის მისი ჰოსპიტალიზება არ გახდება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ Pfizer ასევე მუშაობს ინტრავენული მკურნალობის საშუალების შექმნაზე, რომელიც შეიძლება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოიყენონ.

"ამ ორ საშუალებას ერთად აქვს პოტენციალი, შექმნას მკურნალობის პარადიგმა, რომელიც შეავსებს ვაქცინაციას", — ამბობს დოლსტენი.

Pfizer-ის თქმით, კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებული პრეკლინიკური კვლევის მონაცემებს 6 აპრილს გაასაჯაროვებს. შემდეგ კი კლინიკური კვლევის ეტაპზე გადავა. მანამდე კი, სანამ Pfizer-ის მედიკამენტის ეფექტიანობის შესახებ შემდგომი კვლევებისა თუ რეგულატორების გადაწყვეტილების გზით გავიგებთ, COVID-19-ის მკურნალობის საშუალებად FDA-ის რემდესივირი აქვს დამტკიცებული.