პროფესორის, ზურაბ ფაღავას განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა და სახეზეა ე.წ.ვესტიბულოპათია.

"ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით", — განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განმარტა, რომ საჯაროდ აქტიურად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს. მისი თქმით, ის სამედიცინო გამოკვლევებზე იმყოფება. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა.