ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა ვაქცინაციის სათადარიგო სიის შექმნის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ისინი ითხოვენ აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის დაემატოს, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.

მათივე თქმით, ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:

  • დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;
  • გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;
  • იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს;
  • მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;
  • გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები;
  • ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე აქტიურად მიაწოდონ.

საქართველოში მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთვნენ.

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს — 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ.