სულ ცოტა ხნის წინ, 30 მარტს საერთაშორისო ბუკერის პრემიის 2021 წლის სპეციალურმა ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან 13 რჩეული ნაწარმოები გამოავლინა, რომელთა შორისაც ქართული რომანი მსხლების მინდორი მოხვდა.

მსხლების მინდორი ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანია, რომელიც პირველად ქართულ ენაზე 2015 წელს გამოიცა. მართალია, ექვთიმიშვილს ფილმების გრძელი ნათელი დღეები და ჩემი ბედნიერი ოჯახი რეჟისორად უფრო იცნობენ, თუმცა მან ამ რომანით ქართველი ლიტერატურის მოყვარულების გულიც მოიგო: წიგნს 2016 წელს ერთდროულად გადაეცა პრემიები საბა და ლიტერა, როგორც საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტი და ილიაუნის ლიტერატურული პრიზი, როგორც 2014-2015 წლების საუკეთესო ქართულ რომანს.

საერთაშორისო ბუკერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ენიდან ინგლისურად თარგმნილ რომანებს შორის საუკეთესოს ასახელებს.

ეს პრიზი სხვადასხვა დროს აუღიათ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ისმაილ კადარე, ელის მანრო და ოლგა ტოკარჩუკი. ამ უკანასკნელს ბუკერის საერთაშორისო ჯილდოს მიღებიდან მალევე ნობელის პრემიაც გადაეცა ლიტერატურის დარგში.

წელს ჟიურიმ 125 კანდიდატი რომანი განიხილა და მათგან 13 გრძელ სიაში დაასახელა.

ამ წიგნებიდან კიდევ საბოლოო ფინალისტები, ე.წ. მოკლე სია 22 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო 2 ივნისს 2021 წლის გამარჯვებული დასახელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამავე პრემიის გრძელ სიაში მოხვდა ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლეც.