ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და მის მიერ ე.წ. კომენდანტის წესების დარღვევას აპროტესტებდნენ, თავად აკეთებენ "რუსულ საქმეს საქართველოში".

მან დაასახელა კონკრეტული აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც "აგენტურა" უწოდა და "საფუძვლიანი ეჭვი" გამოთქვა, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან.

"სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი და ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ გუშინ ... ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. დიღმელაშვილი ვინ არის? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში, თავის დროზე. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი.

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო საქმეს კი არ აკეთებენ რუსულს, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს, სქრინები რომ ჰქონდა მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.

იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.

ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველო 1-ელ აპრილს, გამთენიისას, დაგეგმილზე ადრე დატოვა.

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი

ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.