ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ხვალ, 3 აპრილს საქართველოში 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინა შემოვა. როგორც გაბუნია განმარტავს, მისი შენახვის პირობები ისეთივე, რაც AstraZeneca-ს შემთხვევაში — +2-დან +8 გრადუსამდე.

"ხვალ ჩამოვა Sinopharm-ი, 100 000 დოზა. რომელიც გახლავთ ჩინური ვაქცინა. ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი, ძალიან ფართოდ და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2-დან +8 გრადუსამდე. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში. იგივე, რაც AstraZeneca-სთვის", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Sinopharm-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, იგი ქვეყანაში შემოდის დაშვებით, რომ აპრილის ბოლომდე მას ჯანმოც აღიარებს.

"დღეს გლობალურად ბაზარზე ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ პოტენციური ვაქცინა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს Sonopharm-ი აპრილის ბოლომდე, შევიძინეთ ეს ვაქცინა.

რა თქმა უნდა, თვალს ვადევნეთ და ვაგრძელებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა რომელიმე ქვეყანაში Sinopharm-ის მოხმარებასთან დაკავშირებით", — ამბობს გაბუნია.

მისი ინფორმაციით, Sinopharm-ისთვის, ისევე როგორც Sinovac-ისა და Moderna-სთვის, ჯანმოს ავტორიზაციის მინიჭება აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

"გუშინ განახლდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Moderna-სთვის [ავტორიზაციის მინიჭების თარიღად]. ეს არის ის სამი დაწინაურებული ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მათთვის ჯერ არ მიუცია", — აცხადებს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართლებრივად, უნგრეთის მარეგულირებლის ავტორიზაცია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გადაზღვევის საფუძველს აძლევს.

გაიგეთ მეტი: