ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს უხამსი შინაარსის გამომხატველი ჟესტი უჩვენა. ვოლსკი მმართველ პარტიაში ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომაზე მივიდა, რა დროსაც აქტივისტები მას შეძახილით — "მონა" დახვდნენ. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა უხამსი ჟესტი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.

On.ge გია ვოლსკის დაუკავშირდა. ის მომხდარს გვიდასტურებს და ამბობს, რომ "შეიძლება, თავი უნდა შეეკავებინა".

"უხამსი სიტყვები, გინება, არ ვიცი, გადმოვედი რაღაცის თქმა მინდოდა, სპეციალურად გავაჩერე, რომ რაღაცის თქმა მინდოდა ახალგაზრდებისთვის და კონკრეტულად ერთი პიროვნება თავზე დამადგა და "მონა" მეძახის. ხოდა, მეც თავი ვერ შევიკავე, შეიძლება, უნდა შემეკავებინა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს", — გვითხრა მან.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ "ოცნების" ოფისთან აქტივისტების დაკავება ამის გამო მოხდა, არ არის მართალი.

"ეს წარმოაჩინეს ისე, თითქოს ამას მოჰყვა სიგნალი. გამიგია პროტესტი, ბევრი მინახავს, დიდი ხანი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთი არაფერი. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში, ახლაგაზრდებიც ბევრნი არიან ჩვენთან ერთად, მაგრამ არასოდეს არავის არ უკადრებია, რომ ოპონენტისათვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, როგორც მე მომაყენეს დღეს", — გვითხრა მან.

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქციის დროს 11 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრვალესობის სხდომები მიმდინერობს. ადგილზე შეცვალეს აქტივისტები არიან მისულნი, რომლებიც რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. მათ მავთულხლართები ჰქონდათ მიტანილი.