მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ნიუ ჰოსპიტალში დაუდასტურეს. მათი თქმით, მწერალი დღეს დილით გარდაიცვალა.

82 წლის მწერალი საავადმყოფოში ორი კვირის წინ გადაიყვანეს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ კლინიკა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

კლასიკოსი მწერალი რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორია, მათ შორისაა მკითხველისთვის გამორჩეულად საყვარელი "სამოსელი პირველი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "კეჟერაძეები" და სხვა. დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ასევე, ლიტერატურული პრემია საბა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, საქართველოს სახელმწიფო პრემია.

On.ge უსამძიმრებს ოჯახს და მკითხველს გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო.