სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", — აცხადებენ უწყებაში.

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, აჭარის პოლიცია შეიჭრა მათი რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია.

ადგილზე მყოფი ადამიანები Facebook ლაივებში ამბობენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დაზიანებულია ოფისის კარი.

ბათუმში გირჩის აქტივისტი, ირაკლი კუკანია On.ge-სთან ამბობს, რომ პოლიციელებმა მას წიხლი დაარტყეს. ის დაკავებულიც იყო, თუმცა განყოფილებიდან ხელწერილით გამოუშვეს.