იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უვადო მოსამართლე მაია სვიანაძე შვებულებაში, შვილთან აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა. როგორც ჯანეზაშვილი ფეისბუქზე წერს, მოსამართლემ იქიდან გამოგზავნა განცხადება და თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ.

"ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში. დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა", — თქვა ჯანეზაშვილმა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც. სვიანაძე მოსამართლის თანამდებობიდან 5 აპრილს გათავისუფლდა. საბჭოში ამბობენ, რომ მან წერილი 26 მარტს გამოგზავნა, ხოლო მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.

ჯანეზაშვილის თქმით, ტყუილია, რომ საბჭომ წინასწარ იცოდა გადაწყვეტილების შესახებ.

"ისე მეც საბჭოს წევრი ვარ და ამ განცხადებას ვინ ავრცელებს არ ვიცი, ან ვინ უჭერს მხარს არ ჩანს, ჩემთან ამაზე დღეს სხდომაზე არავის უსაუბრია. საერთოდ იუსტიციის საბჭო კოლეგიური ორგანოა, შევახსენებ!" — აღნიშნავს ჯანეზაშვილი და ითხოვს, დასახელდეს თარიღი, როცა სვიანაძის საკითხი განხილული იყო.