ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

"ძალიან დიდი მადლობა ხალხნო. ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი მხარდაჭერა, თან ესეთ დროს, ქვეყანაში, ჩვენს პარტიაში, იმ ვითარებაში, რომელშიც ყველა ჩვენგანი ერთად ვართ და ყველა ჩვენი მოქალაქეა", — განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას არჩევას წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასა წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა. ბოკერია ამ საკითხსაც გამოეხმაურა მათ მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა, თუმცა ისევ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არასწორია.

"მე არ ვაპირებ დიდი ხნით შეგაწყინოთ თავი. მაინც დავიწყებ უსიამოვნო ამბით, ამის გამოტოვება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი არ უკვე თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს გზა გავიარეთ, რთული გზა. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებათ მათი მხრიდან, მე ამას არ დავმალავ და თქვენც გეტყვით. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ესეთ დროს განსაკუთრებით", — განაცხადა მან.

ამავე სხდომაზე აირჩიეს პარტიის გენერალური მდივანი, კაკო ბობოხიძე. მისი თქმით, ამ პოსტზე თავის წარდგენა შესთავაზეს პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.

ბაქრაძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებდა კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. იმავე აზრზე იყო გიგი უგულავაც. გიგა ბოკერიას კი მიაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან ასეთ დროს განზე გადგომა, არასწორია.

უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბარქაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს.