ევროპული საქართველო ლიდერებთან ერთად პარტიის კიდევ სამმა წევრმა დატოვა. ესენი არიან, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი და გოკა გაბაშვილი.

"ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა",— დაწერა ფეისბუქზე ლევან თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, გივი თარგამაძე წერს, რომ "მეგობრობა რჩება მეგობრობად" და პარტიას წარმატებებს უსურვებს, თუმცა გადაწყვეტილებები არ ესმის. ამავდროულად აღნიშნავს, რომ ბრძოლას ისიც აგრძელებს.

"ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრების მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია", — აცხადებს თარგამაძე.

რაც შეეხება გიორგი გაბაშვილს, მისი თქმით, მოღვაწეობას უპარტიო სტატუსით გააგრძელებს. ის წარმატებას უსურვებს აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს.

ევროპული საქართველის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თანაგუნდელების, პარტიიდან წასვლას მცდარი გადაწყეტილება უწოდა. ბოკერიას თავმჯდომარედ არჩევას წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასა წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა.

ბოკერიას გარდა პარტიის ყრილობაზე აირჩიეს გენერალური მდივანი, კაკო ბობოხიძე. მისი თქმით, ამ პოსტზე თავის წარდგენა შესთავაზეს პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.

ბაქრაძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებდა კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. იმავე აზრზე იყო გიგი უგულავაც. გიგა ბოკერიას კი მიაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან ასეთ დროს განზე გადგომა, არასწორია.

უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბარქაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს.