შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიიღეს გადაწყვეტილება, საფრთხის თავიდან აცილებისა და აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სოფელ ნამახვანთან, საფრთხის შემცველი ზონიდან კარვები გაიტანონ და ადგილზე მყოფი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაყვანონ. მათი განცახდებით, მოსალოდნელია რიონის წყლის დონის მატება.

"სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს", — აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ წყლის დონის მატებასთან კარვების დაშლა არაფერ კავშირშია. მისი თქმით, იქ, სადაც კარვებია განთავსებული, წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სპეკულაციის საგნად ხდის ადამიანს, რომელსაც ჯერ არ ვიცით, რა ბედი ეწია. ამას ხდის სპეკულაციის საგნად, რომ ეს დაიდოს მოტივად და აშალოს ჩვენი კარვები", — თქვა მან.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ კარვებია განთავსებული, არ უშვებენ.

გუშინ, 10 აპრილს რიონში კაცი გაუჩინარდა. მდინარე რიონში კაცს ამ დრომდე ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.