შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ გუმათში 6 პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ აქცის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზა, ამიტომ გამოიყენეს "იძულების პროპორციული ღონისძიებები".

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია ენკას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები", — აცხადებენ უწყებაში.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და "დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს".

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი ვითარება დაიძაბა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო, რისი მიზეზიც კომპანია ENKA-ს მანქანების გატარება გახდა.

"ჩვენ ვთქვით დღეს, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელაწეულები დახვდნენ ბიჭები და პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია დარბევაზე, ძალადობაზე. ძალა გამოიყენეს, მანქანებს მიახეთქეს ბიჭები", — ამბობს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა 170-დღიანი პროტესტი გრძელდება. მათ სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას ისევ არ აძლევენ.