გუმათჰესთან, ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი გვეუბნება, ამ ფაქტმა მოსახლეობის და ადგილობრივი აქტივსიტების უკამყოფილება გამოიწვია, რის გამოც ისინი დილიდან რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.

"კიდევ ერთი უგუნური საქციელი ხელისუფლებისგან, იმის მაგივრად, რომ იაზრებდნენ პროტესტის შინაარს და პროტესტის სიმწვავეს არა ემოციურობიდან, არამედ მისი კითხვებიდან გამომდინარე, ცდილობენ, რომ გველაპარაკონ ოკუპანტის ენით, ეს არის მიუღებელი. ჩვენ, რაც არ უნდა ბარიკადები აღგვიმართონ, ვერ გაგვაჩერებენ, ქართველ ხმას ვეღარ ჩაახშობენ, რადგან ეს ხმა არ არის პოლიტიკურად მართული ან ქვეტექსტებით მართული. ჩვენ არ გვაქვს მიზანი, რომ თქვენ წახვიდეთ და ჩვენ მოვიდეთ, ჩვენი მიზანია გაიძულოთ, პასუხი გასცეთ ქართველ ხალხს", — განუცხადა On.ge-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემ.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: