გუმათჰესთან, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ხმაური მოულოდნელად, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მათ მიერვე აღმართული ბარიკადები გადაკვეთეს.

აქტივისტ მირზა ნოზაძის ინფორმაციით, ერთმა ადამინმა პოლიციელების მიმართულებით ისროლა ბოთლი. ნოზაძე მას პროვოკატორს უწოდებს და ამბობს, რომ ის მათ რიგებში ვეღარ გაჩერდება.

"ჩვენ ვიცით, ვინც არის პროვოკატორი. მის სახელს და გვარს აუცილებლად ვიტყვით. მან, მიზანმიმართულად ისროლა ბოთლი. ჩვენ მას ვაკვირდებოდით რამდენიმე დღეა და მივეცით გამოვლენის საშუალება", — აცხადებს ნოზაძე.

ნოზაძე აცხადებს, რომ პროვოკატორი აქტივისტებს შორის პოლიციამ შეაგზავნა. ამის არგუმენტად იგი ასახელებს იმას, რომ მას პროვოკაცია დააგვიანდა და მხოლოდ პოლიციელების მიერ ბარიკადების გადმოკვეთის შემდეგ ისროლა ბოთლი.

"დავიწყეთ თუ არა დოლის დაკვრა, გამოვარდნენ და გატაცება დაიწყეს ხალხის, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამ პროცესში, დააგვიანა თქვენმა [პოლიციელების] პროვოკატორმა ბოთლის სროლა. თქვენ [პოლიციელებმა] დაასწარით გამოსვლა, ყველაფერი გადაღებულია, მერე ისროლა ბოთლი", — ამბობს მირზა ნოზაძემ.

აქტივისტების ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც. ამ ინფორმაციას On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს და პასუხის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

დაახლოებით ნახევარი საათის წინ, პოლიციამ აქტივისტებს მოუწოდა ბარიკადებზე ბრახუნი შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენებდნენ "პროპორციულ ძალას".

აქტივისტმა მირზა ნოზაძემ On.ge-ს უთხრა, რომ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას და დროებით შეწყვიტეს ხმაური. პარალელურად, სთხოვდნენ პოლიციას განემარტათ, კანონმდებლობის რომელი მუხლის საფუძველზე უკრძალავდნენ ამგვარ პროტესტს. ბარიკადებზე დოლის დაკვრა კი გააგრძელეს მას შემდეგ, რაც პოლიციელების მხრიდან განმარტება ვერ მიიღეს.

გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები, სავარაუდოდ, გვიან ღამით აღმართა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი გვეუბნება, ამ ფაქტმა მოსახლეობის და ადგილობრივი აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ისინი დილიდან რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.