ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სამაგალითოა მისი გამბედაობა ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე. წილოსანის თქმით, ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად.

"ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს. ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა და ვუზრუნველვყოფთ მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას", — წერს ის.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: