ამ წუთებში, ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აქტივისტთა ნაწილი შეხვედრის დასრულებას შენობის გარეთ ელოდება.

შეხვედრას ჟურნალისტები არ ესწრებიან და არც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. თუმცა, ცნობილია, რომ აქტივისტები შეხვედრის მიმდინარეობის იღებენ და ვიდეოჩანაწერს მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეხვედრის შესახებ დაახლოებით ორი საათის წინ გახდა ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადებ, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

"გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები", — განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

აქტივისტთა ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგისთვის მუდმივად მზად არიან, შეხვედრის შესახებ მედიიდან, რამდენიმე წუთით ადრე არ უნდა გაეგოთ. მას შეხვედრის დაწყებამდე ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა — საჯაროობა. იგი ითხოვდა შეხვედრას ჟურნალისტები დასწრებოდნენ, ან, როგორც მინიმუმ, თავად ჰქონოდა საშუალება პირდაპირი ეთერით გადაეცა შეხვედრის მიმდინარეობა.

"იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეფონო საშუალებით, ვიდეოს გადაღების უფლება, მინიმუმ, არ მოგევცემა ამ შეხვედრაზე, რომ დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან", — ამბობდა გოლეთიანი შეხვედრაზე შესვლამდე.

გაიგეთ მეტი: