აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი პირობა დააყენეს, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. მისი თქმით, პროცესი კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადადის.

"იმისთვის, რომ გადავიდეთ დიალოგის შემდეგ ეტაპზე, ეს სამი პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული მათი მხრიდან. ალაგდეს ბარიკადები, სამუშაო პროცესები ხეობაში უნდა შეწყდეს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით", — განაცხადა გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გოლეთიანის თქმით, სამომავლო პროცესები დამოკიდებულია ხელისუფლების პასუხზე, რომელსაც, მისივე ვარაუდით, რამდენიმე დღეში მიიღებენ.

"დამოკიდებულნი არიან პრემიერის ჯანმრთელობაზე, როგორც მივხვდით ჩვენ. სახელდება კოვიდის ფაქტორი — ვიცით, რომ პრემიერს კოვიდი სჭირს. როგორც კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება პრემიერი, მიიღებენ გადაწყვეტილებებს ამ პირობებთან დაკავშირებით", — ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანი ამბობს, რომ ეს არის პირველადი პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია, რათა სამომავლოდ შეძლონ სხვა, უფრო კონკრეტულ, ეკოლოგიურ თუ სოციალურ საკითხებზე საუბარი.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა.

შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

გაიგეთ მეტი: