პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს", — აცხადებს პრეზიდენტი.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.

პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.