ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. მისი ჩამოსვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქართულმა ოცნებამ ან ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მიშელი მორიგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან.

15:30 საათზე ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშილთანაც, თუმცა დრო, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.

მიშელი პარლამენტში შეხვდება პარლამენტის თავმჯომარეს, არჩილ თალაკვაძესა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც. საღამოს 21:00 საათზე კი გაიმართება სადილი სალომე ზურაბიშვილის სახელით.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.