Forbes-ის მილიარდერთა სიის ბოლო რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს კიდევ ერთი ქართველი — მიხეილ ლომთაძე შეუერთდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ლომთაძე 3,8 მილიარდ დოლარს ფლობს და მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში 804-ე ადგილს იკავებს.

ქართველი მილიარდერი ყაზახური კომპანია Kaspi-ს თანადამფუძნებელია, რომლის აქციებიც გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. Kaspi ყაზახეთში არსებული უმსხვილესი საგადასახადო ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ს აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლომთაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 515 მილიონი წმინდა მოგება იყო.