ცაგერის, ლენტეხის და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო სამი სასულიერო პირის განკვეთას აპირებს, თუ კი ისინი შაბათამდე არ "მოინანიებენ".

"რადგან საჭირო გახდა, რომ უკვე მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს აი ამ ამბოხს და წინააღმდეგობას და უაზრო მოქმედებებს, რომელიც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, ჩაშალა, მე მივედი წირვის ჩასატარებლად, მე არ მომცა საშუალება, ახლა კიდევ გააგრძელა ასეთი ქმედება. კიდევ აპირებს, უკანონოდ დაკეტა მონასტერი, ვითომ ახლა მაგას რამე უფლება გააჩნია. აქედან გამომდინარე, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი. აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური, დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს შაბათამდე. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული, შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა აღარ განხორციელდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერ-დიაკონ პეტრე ღუდუშაურს, ასევე განვკვეთავ, თუ არ მოინანიებენ", — განაცხადა მან.

დღეს დაპირისპირება მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში, კერძოდ კი სალხინოს ტაძარში. ერთმანეთს მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.