არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, ის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"იმის გათავალისწინებით, რომ რამდენიმე თვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია ქართულ ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე", — განაცხადა მან ბრიფინგზე.

თალაკვაძის თქმით, მისთვის პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობა. მან მადლობა გადაუხადა გუნდსა და მოქალაქეებს.

თავის მხრივ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემაც და შეაქო ის ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს თალაკვაძის გადაწყვეტილება იყო. მის შემცვლელად კობახიძემ კახა კუჭავა წარადგინა.

"მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, გარეთ. ამ ორი წლის მანძილზე ის წარმატებულად უძღვებოდა მუშაობას პარლამენტს შიგნით, ასევე, იყო აქტიური პარლამენტს გარეთ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. [...]

ჩვენ როდესაც გაგვიზიარე არჩილმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც იყვნენ პარტიის ლიდერები ჩართული და მისი პოზიცია ეფუძვნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს. გასული თვეების მანძილზე ის იყო აქტიურად ჩართული მოლაპარაკების პროცესში, შესაბამისად იყო წარმოდგენილი როგორც მხარე, რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლდათ ეს, რომ მისი ეს აქტიური ჩართულობა, როგორც მხარისა ამ პროცესში, იყო გარკვეული გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის შესასრულებლად", — განაცხადა მან.

თალაკვაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 2020 წლის 11 დეკემბერს აირჩიეს. მანამდე, 2019 წლის 25 ივნისს ის მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, როცა 20 ივნისის მოვლენების გამო ირაკლი კობახიძე გადადგა.

2016-2019 წლებში თალაკვაძე იკავებდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას. 2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2012-2014 წლებში კი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ.