პარლამენტის დეპუტატის და მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ამავე პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერობის კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"თქვენ იცით და ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის, რომ ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და თუ მართლა განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია რაღაცის მიმართ, ეს არის თბილისი და ის თემები, რომელიც უკავშირდება თბილისს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია განიხილება", — განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, ასევე, შესაძლოა, იყოს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი დედაქალაქის მერობის კანდიდატად. ასევე, არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის საერთო კანდიდატად განიხილება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურაც.