გიორგი რურუა გაათავისუფლეს. მან გლდანის ციხე ახლახანს დატოვა. 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს", — თქვა ზურაბიშვილმა.

რურუას გათავისუფლებაზე საუბარი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მიღწეულ შეთანხმებაში იყო. პრეზიდენტმა 19 აპრილს განაცხადა, რომ ის რურუას შეიწყალებდა იმ შემთხვევაში, თუ მახრეებს შორის შეთანხმება შედგებოდა.

იმავე დღეს, 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.