ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი არა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს ნიკა მელიას გათავისუფლებას, თუმცა ქართული ოცნების იდეაა, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას და მხოლოდ გამონაკლისს სახით გამოირიცხოს ძალადობა და კონვენციური მუხლები.

"მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნება დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას, რომ ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში ამნისტია.

ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული მოთხოვნები უნდა იყოს ჩამოწერილი და ქართული ოცნება ამბობს, რომ მთლიანად მოვლენას უნდა შეეხოს და გამონაკლის, კონვენციურ მუხლები, ძალადობის მუხლებზე არ უნდა გავრცელდეს.

მთავარი ის არის, რომ ორივე ტიპის კანონპროექტით განთავისუფლდება ნიკა მელია. არ გავრცელდება არც ერთი და არც მეორე კანონპრეოქტი თვალის დათხრაზე, დავალების გამცემებზე და კონვენციურ დანაშაულზე. სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით დაზარალებულის თანხმობაზე", — განაცხადა მან.

პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის განმარტებით, ძირითადი განსხვავება "ოცნებისა" და მათ კანონპროექტს შორის არის განჭვრეტადობა. კერძოდ, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ ამნისტია გავრცელდეს ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე, რომელიც 20 ივნისს ეხება, ისინი კი მხოლოდ იმ მუხლებზე, რომელზეც უკვე დაწყებულია გამოძიება, როგორც აქტივისტებზე, ისე პოლიციელებზე.

შავგულიძე განმარტავს, რომ მათი კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ მელიას, აქტივისტებისა და სამართალდამცავების ამნისტიას, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ, მაგრამ არ ვრცელდება მაღალჩინოსნებსა და ბრძანების გამცემ პირებზე,

"ჩვენ მიგვაჩნია ოპოზიციას, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარობს სამართალწარმოება 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და მეორეს მხრივ იმ პოლიციელთა მიმართაც, რომელიც იმ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია.

ორი წლის მანძილზე სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე არის განაჩენი დამდგარი, სხვა მუხლები არ დაყენებულა, გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს და არსებულ ბრალდებებზე.

ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულად ბრალდებული და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და დაიწეროს, რომ ამნისტია ვრცელდება ამ ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე", — განაცხადა მან.

დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტები უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება და იქნება 3 საკომიტეტო მოსმენა, შემდეგ კი 3 მოსმენა პარლამენტში და გადაწყდება, საბოლოოდ, რომელს მიიღებენ.