პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას საპატიმროში შეხვდა. მისი თქმით, მელიას მთავარი გზავნილია, რომ დღეს ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გიორგის გარდა, ვნახავთ ნიკასაც", — განაცხადა სამადაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მის მიმართ ნიკა მელიას პოლიტიკური წყენა, მან განაცხადა, რომ მელიამ კარგად იცის, რომ მისი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

"არა. ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად საუკეთესო გზას", — განაცხადა მან.

28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.